დღეები. inside out.

ახლა რომ ვფიქრობ, ყველაზე მეტად მიყვარდა დღეები, როცა შემეძლო რამე დამეწერა. თუნდაც ისეთი, რომელიც მარტო ჩემთვის იყო გასაგები იყო დღეები, როდესაც ნაწერს თავისი ადრესატი ყავდა, რა თქმა უნდა არა დიდი აუდიტორია, მაგრამ ყავდა, ისიც ვიცოდი, თუ ადრესატი ნახავდა, აუცილებლად მიხვდებოდა რა მნიშვნელოვანი იყო ეს. ვათვალიერებდი ძველ ფაილებს და წლების წინანდელი ნაწერები ვიპოვნე, როცა ბლოკნოტი და მე ვმეგობრობდით, ვსაუბრობდით… ახლა დიდად აღარც მე მჭირდება ეს ნაწერები და მით უმეტეს აღარც ადრესატებს :)) მე კი მინდა ისევ დამიბრუნდეს დღეები, როცა შემეძლება წერა, როცა შემეძლება ფოტოების გადაღება.

მე და ჩემი ღმერთი

მე და ჩემი ღმერთი დიდი ხანი ჩუმად ვისხედით ნახევრადგანათებულ  კაფეში.
მერე საუბარი წამოვიწყეთ.

(კარგი მოსაუბრეა ჩემი ღმერთი)

მითხრა: არასოდეს მიიხედოო უკან,
ზურგსუკან არ დგანანო ადამიანები,
თან ხერხემლის ტკივილი იცისო.

ვთქვი: მაინც მტკივათქო გაბზარული მალა,
არ მრთელდებათქო.

მითხრა: არ გაიხედოო ჩამქრალი ფანჯრებისკენ,
ყველა ფანჯარას აქვს თავისი ისტორია უშენოდაცო,
იქ არავინ გელოდებაო.

მე და ჩემი ღმერთი დავიღალეთ ნესტის სუნით და წამოვედით.

მითხრა: არ შეჩერდეო ხიდზე გადასვლისას,
მდინარეს არ მოყვებიანო ადამიანები.
ნურც მატარებელს დაელოდებიო ბაქანზე მდგომი,
უშენოდაც ყველა მომსვლელს ელოდებიანო.

ვუთხარი: დავიძინოთქო მინდა.

ძილში არ არისო სხვა ცხოვრება,
(ჭკვიანია ჩემი ღმერთი)
არც იქ არავინ გელოდებაო.
ნურც ზურგის ქარს დაელოდებიო  ზღვაში გასული.

ვკითხე: რა ვქნათქო.
(ჭკვიანია ჩემი ღმერთი)

ილოცოო უნდა.

ლოცვა მასწავლეთქო.
შენით ილოცეო მიპასუხა.
(ჭკვიანია ჩემი ღმერთი)
და მეც დავიწყე:
ღმერთო, მომეცი ძალა, ერთად ვიყოთ მე და ჩემი ღმერთი,
(ლამაზია ჩემი ღმერთი)
იმისთვის,
რომ უკან არასოდეს გავიხედო,
(ხომ მითხრა ხერხემლის ტკივილი იცისო)
რომ ეზოში მდგარ საკუთარ თავს არ მოვუყვე ამბები,
შუქჩამქრალი ფანჯრების მიღმიდან.
რომ არ შევჩერდე ხიდებზე,
რომ არ ვიარო ცარიელ მატარებლებს შორის,ადამიანების საძებნად,
რომ არ გავიდე მარტო ზღვაში, საკუთარი თავის იმედად.

ახლა წავალთქო, დავიღალე, დავიძინებთქო.
შუბლზე მაკოცა.

(ჭკვიანია და კეთილი ჩემი ღმერთი)

IMG_20140504_172821

მინიატურა

სახლში მისვლისას მომაგება:

გამოიცანი ვინ შემხვდაო.
გამოვიცანი.

მეტროში შემხვდა- მხრებში მოხრილი, მობუზული.
შემეცოდაო.

და მივხვდი, ყველაფერს მივცემდი რომ …
თვალები ამიწვა სიმლაშემ.

546977_646731582027186_524329372_n

გეკითხები:

რამდენი ხნის წინ დარგეს ეს ტანწვრილი ხეები ჩემს ფანჯრებთან,
როგორ მოასწრეს ტანის ასე აყრა,
რამდენი თვალის დახუჭვა დასჭირდათ,
რამდენი სუნთქვის შეკავება? !

ალბათ მთელი ცხოვრება არაა საკმარისი იმისთვის,
მივხვდე,
რამდენი ხნის წინ გადმოგრგე ჩემს ეზოში, ჩემს ქოთანში.
ვინ იცის რამდენჯერ ჩაგიარე გვერდით მეზობელ ქუჩაზე, ყურსასმენით და თერმოსით ხელში.
გავჩერდი შენს ჩრდილში.
მერე გადმოგრგე.

ერთად ავიყარეთ ტანი,
ერთად ვუყურებდით მზეს და გვეშინოდა ქარის.

საუკუნის წინ ქარიშხალმა ყველა ტოტი ერთად დაგვიმსხვრია.
ტანები ვერ.
ბოლომდე ვერ მოგვერია.

ამდენი ხნის მერე ისევ ვცდილობთ ტოტების გაშლას.
გამოვა რამე?

DSC_0673

silence

ქონდრის ნახარშის გემო აქვს ყავას ჩემს ფინჯანში.
სუნი დარიჩინის.
ერთმანეთში არეული ფოტოები საოჯახო ალბომიდან, რომელიც დიდი ხანია წარსულში დარჩა, ან არც მქონია და კადრები, რომლებიც თვალებით დამაქვს.
ამდენმა სუნთქვამ მზე ჩამოწყვიტა.
კადრები თვალებს მიღმა რაც არ ჩანს. შიშველ გრძნობებს მოაქვს ხმელიბალახისსუნიანი განცდები.
დაღლა.
ვიღაცის ნახატს დაემსგავსე, ჟირაფივით აწვდილი ყელით, ძვლებისგან გამოთლილი სხეულით და სახეზე უფრო დიდი თვალებით.
ისევ შიმშილის განცდა და ქონდრისნახარშისგემოშერჩენილი შავი ყავა.
Boys don’t cry- გახსენდება.
ჩუმდები.

ჩემს სათამაშოს ახლა იმაზე მეტად უცემს გული, ვიდრე მთელ სამყაროს ერთად აღებულს.

dila

განაჩენივით…

შენ გიჟი ხარ!
შენ გიჟი ხარ!
შენ გიჟი ხარ!

გიჟი ხარ!
გიჟი ხარ!
გიჟი ხარ!

დუდანა ქვია. ოთახს მოვარდისფერო კედლები, მწვანე ჟალუზები და გაურკვეველი სიმშვიდის განცდა აქვს. სინქრონულად უსმენს შენი ტვინის ხმას და კლასიკურ მუსიკას.

წევხარ თავზე მიერთებული სადენებით… უსმენ… მანამდე გეგონა მარტო გული ძგერდა, ახლა კი… ათასი, ათიათასი, ასიათასი გასროლა ავტომატიდან. სისხლის ხმააო გპასუხობენ…

უსმენ…

უსმენთ…

შენ და დუდანა…

მილიონი გასროლა და კლასიკური მუსიკა… ტვინში მაინც გამოწვევასავით ტრიალებს COME HERE…

გეშინია არ გაიგონონ… სართული. სივრცეც. ერთი წამი. ნაბიჯის ნახევარი. იტრუნები. ელოდები.

ლოდინი…

გასროლა…

ლოდინი…
ერთმანეთში არეული ტვინი და ხმები… შიში? გეშინია არ მიგიხვდნენ, არ გაგაშიშვლონ… ჰო, შენ გიჟი ხარ… მგონი გადარჩი… არსად ჩანს თეთრი ხალათები, მხოლოდ მშვიდსახიანი დუდანა, მუსიკა და სიმშვიდე.

სუნთქვა თანაბარი…

ფეთქვა: ტვინის, სისხლის, სხეულის…

თანდაყოლილი ანომალია…განაჩენივით.

მშვიდად დგები, ვერც მან გამოიცნო, ვერც …

ღიმილი…

არადა კარგად იცი, შენ გიჟი ხარ!

ნოემბრის ზღვისფერია ამინდი გარეთ, ხასიათივით.

ეზოში უდარდელად დგანან ტაქსის მძღოლები და ელიან გადარჩენილებს…

325709_258963787470636_1697340510_o

წითელი უტოპია

ოდესმე მეც წავიდოდი…

იმათთან არა. ფრიდასთან ერთად, მოვიწყობდი ბოჰემას, ჩემსას.
ის ირონიულად მეტყოდა, რომ ვერ იტანს ჩემს დაბადების დღეს, მომიყვებოდა, როგორ წმენდს ხატვა სულს  და ფუნჯებს გამოაზამთრებდა სისხლივით მომლაშო ხასიათში.

იქ ყავას ზღვის სუნი ექნებოდა, ნამცხვარს – ჩემი დამტვრეული ხელების ფორმა. დამშრალი ზღვის ფსკერზე ჩავარდნილი მზე მბჟუტავ სანათს ემსგავსებოდა.

მერე მოვიდოდა ძილი…
ძილი და ხმები…
ხმები – არარსებობის.

ძილში განვაგრძობდი ცხოვრებას სეზონების შემდეგ, უთავო ადამიანებთან ერთად, რომლებსაც ვეყვარებოდი თავის პოვნამდე, მერე – აღარ.

მოვიდოდა მოყვითალო გათენება.
ხმადაბლა გავიმეორებდი:
დროს მოაქვს სიმშვიდე!
დროს მოაქვს სიმშვიდე!
დროს მოაქვს სიმშვიდე და სულზე ხელების დაფარებას.

უცხო ადამიანებთან მოწითალო დაღამებას სიმშვიდისა და ქონდრის ნახარშის სუნი  ექნებოდა.

შენ – ჩემი

_DSC0277-001

ამოსასვლელთან

ისევ დგახარ ესკალატორზე

სიცოცხლის.
არ გინდა უკან გამოხედვა,
არ გინდა დაინახო დარჩენილები.
არ გინდა იგრძნო.
თუმცა გვერდით კიბიდან კვლავ მოგესმის მისალმების ხმა.
არ იხედები, თვალს არიდებ და ღრმად ისუნთქავ სუფთა ჰაერს
ამოსასვლელთან რომ გაახლოებს.
ისიც ხელს იქნევს საბოლოოდ, შემეშალაო.
იცვლის ვიზუალს,
ცხოვრების სტილს,
იცვლი გარემოს.

მაგრამ, ერთხელაც ესკალატორზე ამოსვლისას შუქი ჩაქრება,
და მოგიწევს,
მთელ ძველ ცხოვრებას, გაჩერებულს, მოუბრუნდე
და გაუღიმო.

IMG_60429847859742

დილამდე

ცხენების რემა ვერტიკალურ ქუჩაზე.
მანქანები ხმაურით კვეთენ ჰორიზონტს.
ხმები ტკივილის.
გადაჩეხილი მუცლებიდან ცვივიან სიცოცხლისათვის მოუმწიფებელი ნაყოფები.
ბორბლებქვეშ სკდომის ხმა.
მანქანები უმატებენ სვლას ჰორიზონისკენ,
დრო დილისკენ.
ასფალტზე დაყრილი თვალები. მანქანებისაც.
მე დავინახე ჩემ წინ როგორ კვდებოდა დედა ცხენი, გვერდით კვიცით და მუცელში ჯერ დაუბადებელი სოცოცხლით.
ვერაფერს ვაკეთებ.
მხოლოდ წუთებს ვითვლი დილამდე და ვეღარ.
ჩემი თვალებიც შეერია ვერტიკალურ ქუჩას.

_DSC0030

სულ.ს

“იყუჩე,
ჩვენ ვერ გვიპოვნიან”.

არავინ იცის სად მარხია ჩვენი ძვლები,
არავის ახსოვს ჩვენი ხმა,
არ გადაუღიათ ჩვენი ნამდვილი პორტრეტი-
წითელი ძვლებით და შავიზღვისფერი სისხლით.

ჩვენ ვერ გვიპოვნიან.

ახლა თამამად შეგვიძლია მოვირგოთ სხვისი ხორცი.
ჩავისვათ მოყვითალო თვალები, ავიღოთ ზურგჩანთები და
შევერიოთ მათ.

ჩვენ ვერ გვიპოვნიან.

ვივლით ბიბლიოთეკებში,
გვეყოლება ჩვეულებრივი მეზობლები
და ვიგრძნობთ,
რომ ახლოსაა პალატა N13.

ჩვენ ვერ გვიპოვნიან.

ჩვენ გვეყოლება ჩვენი თავები და გვექნება ნათხოვარი სხეულები.

“იყუჩე,
ჩვენ ვერ გვიპოვნიან.”

ჩვენ გადავრჩებით.

_DSC0499-001

inside out
ინსულტი…
ჰემატომები მარცხნივ…
კვება ზონდით და არანაირი შანსი.
მხრებჩამოშვებული მოლოდინი.
ზამთრის ღამეების მძიმე სუნთქვა, ხმაჩამწყდარი ძილი და ალბათ შეკივლებაც სადღაც.

***
ძილგამძლე და თოვლჩამდგარი ქუჩის კუთხე.
დახრილი თვალები და მხრები.
შეგრძნებები ერთადერთის და არ…
დაღლილი აღმართი თუ დაღმართი.
დგომა.
სიცივე…
მობუზული მხრები და გამქრალი ბეღურები.

***
კომა…
არითმია…
სუნთქვა თანაბარი. ღრმად.
ყინვაჩამდგარი ღია თვალები…

IMG_50240207195306

ნერვების ტანგო სუიციდის ნაპირთან

ნერვების ტანგო უმუსიკოდ.

წყვილების გარეშე, მოცეკვავე წყვილების.
“კოსმოპოლიტენი” და გაჭვარტლული გარემო.
ნერვები რიტმულად.
მჭიდროდ ჩაკეტილი კარები…
ნაბიჯი წინ…
უკან…
რიტმულად…
ლოდინის ტანგო, ნერვული რიტმები.
ისევ წინ.
უკან.
რხევა გვერდულად.
ადამიანების გარეშე.
სად არიან ადამიანები? არსად, ალბათ…
ცარიელი სახეები
თვალები
შეგრძნებები.
ზამთრის სამოსით შემოსილი ცარიელი მანეკენები.
და მაინც…
ნერვების ტანგო
ჯიუტი პიაცოლა და რიტმი…
წინ…
უკან…
წინ…
მაინც უკან…
პა…
არაფერიც მერე, ხანაც stairway to heaven-ის სოლო ნერვებით.
ახალწლისსუნჩამდგარი ჰაერი და მაინც…
პა…
ნაბიჯი ტანგოში.
ჯიუტი პა…

11016101_10153043718857488_309222550812779122_n

შინ

და მე ვწერ სახლზე,  რომელიც არასოდეს ყოფილა ჩემი,

სახლზე,  რომელსაც  აქვს მოლოდინის და არყოფნის სუნი.
ვწერდი იმ სახლზე, სადაც გამუდმებით თოვდა მზე.
სახლზე, რომელშიც არსად იყო დედის ადგილი
და არც მამისთვის.
სახლში, რომელსაც მტვრად ედებოდა მოლოდინის აბლაბუდა.
სახლზე, რომელსაც არ ჰქონია ფერადი კედლები,
ყვავილის ბაღი,
მის გვერდით იყო ნაგავსაყრელი,
სადაც მუდმივად შეხედავდი პატარა ბავშვებს და
შუქჩამქრალ მოხუცებს.
და მეც ვცხოვრობდი სახლში, რომლის ფანჯრებიდანაც არასოდეს გადამიხედავს,
მეშინოდა შიმშილის და სიცივის დანახვის.
მხოლოდ ვუვლიდი მოლოდინის ყვავილებს და…

და მე ვწერ სახლზე, რომელიც არასოდეს ყოფილა ჩემი.

_DSC0092

ბევრი ღამის ერთი სიზმარი

მათი ცხოვრება ჩემი ბალიშთან შეხებისთანავე იწყება.

ყოველღამე ვხედავ როგორ იწყებენ ჩემი ფეხსაცმელები მოძრაობას. დაკარგვის შემეშინდა, მე ხომ მდიდარი არ ვარ და ფეხშიშველი გავედევნე უკან.

ვხედავდი, როგორ გადადიოდნენ გადასასვლელზე, ფრთხილად. ხანაც აჩქარდებოდნენ. მე სასწრაფოდ საათს დავხედავდი და მეღიმებოდა. ერთად გადავდიოდით გადასასვლელზე, ზუსტად ისე, თითქოს დედა ახალფეხადგმულ შვილს მიყვება, რომ არ დაეცეს, ცდილობდნენ ჩემი იქ ყოფნა არ შეემჩნიათ, მეც ვცდილობდი არ გამესწრო, მიუჩვეველი ვიყავი ამდენ სიარულს.

ყველაზე საოცარი ამ ძილიდან იყო ის, რომ თითქმის ყოველ სიზმარში მისამართები იცვლებოდნენ. ვხედავდი უცნაურ წარწერებს ქუჩებზე, ალბათ კონკრეტული ადამიანისთვის რომ იყო განკუთვნილი, ჩემთვის არ. ვხედავდი მოუვლელ ეზოებს, ფერადი ყვავილების ქოთნებს და საბოლოოდ ყოველთვის მივდიოდით ერთ მისამართზე.

მაღალსართულიანი კორპუსის კიბეებს მივყვებოდით, სწრაფად არბოდნენ, ისე სწრაფად, რომ სართულების დათვლას ვერ ვასწრებდი  და ვერც კიბეების. არ ვიცი, ვინ აღებდა მათთვის კარებს.
მტვრიანი იყო ყველაფერი.

ისიც არ ვიცი როგორ ან რატომ მოვიდნენ პირველად აქ. მარტო თუ..?
ფანჯარასთან დგებოდნენ და რაღაც მანქანებით ფანჯარაც იღებოდა. ისინი ოთახის სიღრმისკენ იწევდნენ. მე მათ უკან ვიდექი, კარგად ვერ ვარჩევდი ეზოში რა ხდებოდა, მაგრამ ხმებით ვხვდებოდი – ბავშვები ბურთს თამაშობდნენ.

არც მოპირდაპირე სახურავზე იჯდა ვინმე, ვის გამოც ამდენი გზა გამოიარეს.

არასოდეს მინახავს ამ სახლში მეორე წყვილი ფეხსაცმელი, არც მოლოდინი.

ყოველთვის დაღლილს მეღვიძებოდა, არ მახსოვდა ზუსტი მისამართი, მაგრამ ვიცოდი, როცა ჩემი ფეხსაცმელები გასულია ჩემთან ერთად, ჩემს ფერად სახლში ამ დროს სხვა ფეხსაცმელები დგანან ფანჯარასთან.

მინდოდა მომდევნო სიზმარში სართულები მაინც დამეთვალა, მაგრამ დღეს კარგ ხასიათზე ვარ და ძილს არ ვაპირებ.

123

დედა-ჩემი

მე არ მყავს დედა.
და დედას არ ყავს შვილი, რომელიც უნდოდა ყოლოდა.
მე მოწესრიგებული,
მე საქმიანი,
მე წარმატებული.
და ვყავარ მე…
მე “მფრინავი”,
მე უხასიათო,
მე უდისციპლინო.

ალბათ ამიტომ არასოდეს მიცხობს შოკოლადიან ნამცხვარს,
ალბათ ამიტომ არ მისხამს ცხელ რძეს და
ამის ნაცვლად ძლიერ ყავას მთავაზობს,
არასოდეს მჩუქნის ყვავილებს,
მაგრამ მზრუნველად მისვამს თავზე ხელს და მეუბნება:
რომ ვანერვიულებ,
რომ უნდა შევიცვალო,
რომ მეტს მოელის,
რომ ასე ცხოვრება გამიჭირდება,
რომ ყველა წავა.

არ არსებობენ ჯონათანები,
არ არსებობს პატარა პრინცი და არც მისი მელია,
ვარდისფერ სათვალესაც უკვე დიდი ხანია გაუტყდა ჩარჩო,
რომ ადამიანები საშიშები არიან.
(ავიწყდება, რომ … )
რომ ტკივილი აუცილებლად გაივლის,
რომ მხრებში უნდა გავიმართო, თავაწეულმა ვიარო,
რომ გადავაგდო ჩემი ზურგჩანთა,
გადავყარო ძველი კედები ან ახლები მაინც ვიყიდო.

ალბათ ამიტომ ფიქრობს, რომ მე არ ვყავარ,
და ჩემს ნაცვლად აქვს მაკიაჟიანი ჩემი ფოტო კედელზე,
რომ ყველამ დაინახოს როგორია მისი შვილი…

DSC_0795

ბოლოსწინა წერილი

რაც შენ წახვედი უფრო მიმატა ძვლების ტკივილმა.
ძალიან მიჭირს ამდენი წამლის სმა, თითქოს ფილტვები დამიჭაობდა. სულ ვეღარ ვსუნთქავ.
ვიცი გჯერა, რომ მე აღარ ვსვამ იმ უცნაურ მომწვანო აბებს.
ნუ მინერვიულებ.
აღარც იმ მუსიკას ვუსმენ ჩვენ რომ დავწერეთ.
მე ბიბლიოთეკაში დავიწყე მუშაობა.
იცი რამდენი განსხვავებული ადამიანი დადის აქ?!
ბიბლიოთეკა 107-ე სართულზეა და აქედან საერთოდ არ ჩანს მიწა, არც ყვითელი ფოთლების ფარფატი, არც მთები.
ეს ამ კვარტალში ყველაზე მაღალი შენობაა და რასაც ფანჯრიდან ყველაზე ხშირად ვხედავ აფრენილი თვითმფრინავების ფრთებია. (დამავიწყდა ეთქვა, რომ მახლობლად აეროპორტი გვაქვს და მკვდარ თევზებს გვანან თვითმფრინავები, მზის გულზე სადაცაა რომ უნდა აყროლდნენ)
ვიხედები ფანჯრიდან და ვფიქრობ: ღმერთო ჩემო სადაა მიწა?
შენ ახლა სიკვდილმისჯილთა საკანში ხარ და იცი ვეღარასოდეს გაიგონებ მეზღვაურების სიმღერას, ვერც ერთად ვირბენთ მიტოვებულ ქუჩებში, ვერც მყუდრო სასაფლაოზე ჩამოვსხდებით. ისიც ვიცი, რომ შენი ფილტვები უკვე რახანია გაიჟღინთა ყვითელი-ბლანტი შხამით.
ორ კვირაში ბოლო სიტყვებს იტყვი და თავაწეული გაყვები განაჩენის აღსასრულებლად.
მე შენთან ვიქნები.
შენ დაიძინებ, მე კი მინის მეორე მხარიდან შენს ძილს ვუდარაჯებ და  გულში ჩუმად გიმღერებ ჩვენს სიმღერას.
მეცოდინება რომ აღარასოდეს მომივა შენი წერილი, ამის შემდეგ აღარასოდეს გაისმება ჩვენი სიმღერა.
იყავი მშვიდად.
მე შენს ბოლო ამოსუნთქვას შევიგრძნობ და მერე აუცილებლად ავალ ასშვიდი სართულით მაღლა მიწიდან.
ვიცი შევხვდებით.
არ დაგავიწყდეს: უყვარხარ მეს.

შენი ლოლიტა
1995 წელი, მაისი

IMG_20140510_192731

2010 წელი

ჩვენ-არავინ

დავმთავრდით…

მაშინ როდესაც შენ-ჩემობას დაედო ფერი  უამინდობის.

მე,შენ-ჩვენ…

ზაფხულისფერი მოენატრა ალბად  მაისსაც.

და ჩვენ გავყევით ევკალიპტებზე გაწოლილ ნისლებს.

გუშინ ჩვენ, ისევ ისე ერთად დავსდევდით წარმოსახვაში არსებულ გვირილებიან მდელოზე ჭრელ–ჭრელ პეპლებს და იქვე დაკრეფილი მარწყვით გვქონდა მოსვრილი სახე…

ჰო, გუშინ იყო, ჯერ კიდევ ხელჩაკიდებულნი ერთად რომ ვუშვებდით ფერად ბუშტებს ათასებს ცაში და… ვერც კი მივხვდით რომ დრო მოსულა… დრო  დამთავრების…

დავმთავრდით…

დასასრულის შესახებ ჩვენი არარსებული შვილებისგნ შევიტყვე, აი იმათგან პეპის რომ ჰგავდნენ ჩვენი ზღაპრიდან… მახსოვს მათი შეშინებული სახე და აკანკალებული ხმა: მამა წავიდაო…

ალბად მეტკინა… ან არც მეტკინა…. დავცარიელდი და…არ მიტირია, სადღაც  დამემალა ყველა ემოცია და გამიქრა ყველა გვირილაც და საკოლექციო პეპლები… (ჩვენი სიყვარულისთვის რომ ვაგროვებდით აი იმ კოლექციიდან), ერთად დაეშვა  ცაში ჩვენი წარმოსახვით აშვებული სულ ყველა ბუშტიც…

ბოლოს ჩვენი წარმოსახული, პეპის მგავსი შვილებიც დაპატარვდნენ… დაპატარავდნენ და გამიქრნენ, ალბად შენ გამოგყვნენ… შენივე წარმოსახვასთან ერთად, ისინიც ხომ შენ გგავდნენ და შენითვე გაჩნდნენ ჩემში, აი იქ სადღაც სიღრმეში… დავმთავრდით…

გუშინ ჯერ კიდევ

მე…შენ…ჩვენ…

დღეს კი __  მე–ს შენ გამოაკლდა

დავრჩი მე…

მერე კი სულ დაიშალა

მე…შენ…ჩვენ…

და დავრჩით

მე…შენ…არავინ

წერილი არარსებულ მეგობარს

გამარჯობა…
გამეხარდა შენი ნახვა.

გელოდებოდი იცი? ძალიან დიდი ხანი გელოდებოდი, იმდენად დიდი ხანი,  რომ დროის ათვლა ვერაფერს შეცვლიდა და შევეშვი, ახლა რომ დეფი რომ ვიყო ლექსს წაგიკითხავდი, თუმცა დეფის

ლექსს წაგიკითხავ, მერე რა რომ დეფი არ ვარ…

„გამარჯობა,
საუკუნეა არ მინახიხარ,
ამდენხანს თუ ვიცოცხლებდით
რას ვიფიქრებდი,
რა ლამაზი ხარ.”

შე(ნ)მოდი, აი აქ დაჯექი. აქ, ჩემს სკამზე. ნახე, აბლაბუდებით დაფარული სული გადაგიფარე, რომ არ გამიცივდე. ისევ ისე  დგას შენი მზიანი ჭიქა  ჩემს ფეხმორყეულ მაგიდაზე, დიდი ხნის წინად, ჯერ კიდევ შეუსმელი მზე რომ ესხა, ის ჭიქა. ვეცადე შემენახა, თუმცა მზეც გამიიშვიათდა და შენ ჭიქაშიც თითქმის ამოშრა.

შე(ნ)მოდი, ნუ გერიდება, შორიდან ვიგრძენი შენი ფეხის ხმა… კარები ღია დაგახვედრე, შუქიც ენთო… გახსოვს? შენ რომ წახვედი, იმ დღეს შუქი წავიდა და მივხვდი, რომ სიბნელის შეგეშინა, ისევე როგორც მე. იმის მერე შუქი აღარასოდეს გამომირთავს, ვიცოდი, ვიცოდი, რომ ამ შუქის გამო როდესმე აუცილებლად დაბრუნდებოდი. მოდი აქ დავსხდეთ ფანჯარასთან, თუმცა გარეთ ნუ გავიხედავთ, ღრუბელია გარეთ და არ მინდა გამიღრუბლიანდე.  დავსხდეთ ამ სკამზე, ჩემი ძველი სულია გადაგიფარებული, მაგიდაზეც უკვე გამოუსადეგარი გრძნობები გაგიშალე სუფრად, მართალია გამოუსადეგარია, მაგრამ  ჯერ  შერჩენილი აქვს ძველი ფერები და თავისებურად ისევ ლამაზია…

შეხედე…  კარგად შეხედე… მიპასუხე შენ ხომ გიყვარს ამ გრძნობების ფერები.

გითხარი მზე გამიიშვიათდათქო, ჩემთან დატოვებულ შენ ჭიქაშიც  დაილექა და თითქმის ამოშრათქო, არ შეგაშინოს… ჩემ ჭიქაში ჯერ კიდევ ხელმეოუკიდებლად ასხია შეუსმელი მზე. აი, ორი ჩხირი მოვიტანე, ორივეს გვეყოფა ეს ცეცხლოვანი სითხე. არ მოგერიდოს, თუ გწყურია, ჩემი წილი მზეც დალიე. არ მეწყინება, მე სულ არ მწყურია… შენთვის ვინახავდი. არც ძველმა კედლებმა შეგაშინოს, დიდი ხანია არავინ ყოფილა აქ და მოუვლელია აქაურობა, უჟმურია და ზოგგან სიცივეც შემოდის. ძალიან არ გამიცივდე… აი, ახლავე ჩემი სხეულით ავეფარები და ამოვავსებ ყველა ხვრელს, არ შეგცივდება. აი, გულით ყველაზე დიდ ხვრელს ამოვავსებ, ხელებს გაბზარულ ფანჯრებზე ავარაფარებ, სულ აღარ შემოვა სიცივე… გულმა არ შეგაშინოს,  შე(ნ)…მოდი და უგულოდაც გიგრძნობ.

შე(ნ)…მოდი, აქ სინათლე დაგხვდება, სინათლე, სითბო და მზით სავსე ჭიქა, სულ პირთამდე სავსეა ცეცხლოვანი მზით.

მოდი და თუ მოგინდება ფეხებით გადაუარე ყველაფერს, ჩემს ყვავილებს ეზოში რომ დაგახვედრე დარგული, ჩემი გრძნობებით დაფარულ მაგიდას, ჩემ აბლაბუდებიან და სხეულით მოპირკეთებულ კედლებს, გადაუარე, მაგრამ მზიან ჭიქას ნუ გამიტეხავ…

შე(ნ)… მოდი…

შე(ნ)… მოდი და ყველაფერს გაჩუქებ, მზიან ჭიქასაც გაჩუქებ…

შენ ოღონდ…

შე(ნ)…მოდი…

შენ…

Advertisements

2 thoughts on “დღეები. inside out.

  1. Smari says:

    მზისფერ.. :*

  2. myredutopia says:

    უყვარხარ მზისფერს ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s